უჩა ნანუაშვილი ე.წ. გასაღები არა მხოლოდ შსს-ს, არამედ კერძო კომპანიების ხელშიც უნდა გადავიდეს

უჩა ნანუაშვილი ე.წ. გასაღები არა მხოლოდ შსს-ს, არამედ კერძო კომპანიების ხელშიც უნდა გადავიდეს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. გასაღების საკითხზე იგივე პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ ის არა მხოლოდ შსს-ს, არამედ კერძო კომპანიების ხელშიც უნდა გადავიდეს.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, ეს არის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია.

"ჩვენ ვრჩებით იმავე პოზიციაზე, რომ მიუღებელია ე.,წ. გასაღები არსებობდეს არა მხოლოდ შსს-ში, არამედ კერძო კომპანიების ხელში. ეს არის უფრო კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც რეკომენდაციას თავად საერთაშორისო ექსპერტები უწევენ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხი დროულად გადაწყდეს.

"ჩვენ ვემხრობით იდეას, რომ გაგრძელდეს ჯგუფის მუშაობა, ოღონდ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადაში. საკითხის ექვსი თვით გადავადება არ უნდა მოხდეს", - განმარტა სახალხო დამცველმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, მოსმენების კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ჯგუფის მიერ შეთავაზებული ვერსია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, იგი პირადად ეწინააღმდეგება, რომ ჩართვის მექანიზმი მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში იყოს. პრემიერის განმარტებით, მობილური ოპერატორები უცხოური კომპანიების მფლობელობაშია და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.

"მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს. ამასთან, სამართალდამცავებს გართულებული აქვთ ურთიერთობა სასამართლოსთან, ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ წინააღმდეგობები სასამართლოდან რადგან მკაცრად დასაბუთებულ შემთხვევებშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას, აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სისტემა იქნება პარალიზებული", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არის მთელი რიგი საკითხები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კითხვით მიმართა, რა ურჩევნიათ, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავი ორგანოების ხელში და მათზე კონტროლი დაწესდეს თუ იყოს უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში.

"მივმართავ საზოგადოებას, რა გვირჩევნია, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავი ორგანოების ხელში და მათ კონტროლი დავუწესოთ, თუ იყოს უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში. მე როგორც ამიხსნეს, ტექნიკურად ეს შეუძლებელია, დრო და რესურსები სჭირდება და მოსამართლე ტექნიკურად ამის ჩართვას როგორ შეძლებს, ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა პრემიერმა.