დავით ზალკალიანი Chatham House-ში ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას გამოეხმაურა

დავით ზალკალიანი Chatham House-ში ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში Chatham House-ში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აფხაზეთის წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ აღიარების ილუზია და ამის ნაცვლად უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელთაც მათ საქართველო სთავაზობს.

"Chatham House-ში მეც მქონდა გამოსვლა, საგარეო და თავდაცვის მინისტრებსაც ჰქონდათ გამოსვლები. ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები, ასევე ანალიტიკური ცენტრები ინფორმირებულნი არიან ჩვენი პოზიციის შესახებ. ყოველდღიურად, საელჩოს საშუალებით, ასევე, სხვა ანალიტიკური ცენტრების საშუალებით ჩვენს პოზიციას ვაცნობებთ მათ. ჩვენი პოზიცია კი უცვლელია და ამაში გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ისინი მოიპოვებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებას, ეს გამორიცხულია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო სთავაზობს აფხაზებსა და ოსებს იმ სიკეთეების გაზიარებას, რომელსაც საქართველოს მოუტანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ასევე სავიზო ლიბერალიზაცია.

"გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პირველი ფაზა არის პოზიტიურად შეფასებული და დასრულებული. ევროპაში თავისუფალი გადაადგილება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ევროკავშირის ბაზრის ათვისება ავტომატურად გულისხმობს, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებენ აფხაზები. ჩვენ მათ სწორედ ამ სიკეთეებს ვთავაზობთ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიაჩისლავ ჩირიკბა Chatham House-ში სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა. არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ნიდერლანდების მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისთვის ვიზის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.