აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესებს სერიოზული გამოეხმაურება მოჰყვება

აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესებს სერიოზული გამოეხმაურება მოჰყვება

მაქვს რწმუნება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს უახლოეს პერიოდში სერიოზული გამოეხმაურება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აფხაზეთის მიერ რუსეთთან გასაფორმებელი ე.წ. ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების კომენტირებისას განუცხადა.

ასევე ის გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას მოსკოვთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიც გეგმავს.

"ჩვენ პირველი დღიდანვე, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება, მყისიერად დავიწყეთ აქტიური დიპლომატიური ქმედებები. 24 საათიან პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირთან, ეუთო-სთან, გაერო-სთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. მე გუშინ მქონდა საუბარი ამერიკულ დელეგაციასთან ამ თემაზე. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, ამას დაემატა კიდევ გუშინ ცხინვალის რეგიონიდან გაკეთებული განცხადებები. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, მსგავსი განცხადებები ჯერ კიდევ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ამ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით. მაქვს რწმუნება რომ ამას მოჰყვება სერიოზული გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობიდან უახლოეს პერიოდში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან უკვე იყო გამოხმაურებები და მათ დაგმეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრევენციული განცხადებები, ასევე შემდგომ თუკი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლა, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით იქნება და გადაგმული იქნება მათი მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები, შესაბამისად იმისა თუ რა ზომები იქნება მიღებული რუსეთის მხრიდან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.