არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს, მგონია, რომ ის ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი , ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეკითხვას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი ალასანიამ.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს იტყვის.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ანალოგიურ ვითარებაში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე გადადგა, კვირიკაშვილმა აღნიშნა - "ვერ გეტყვით, რამდენად შედარებითია ეს".
"ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ დავით კირვალიძე გადადგა. მე ვფიქრობ, კირვალიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი ამ მიმართულებით. გადადგომა არ იყო არანაირი აუცილებლობა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.