პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დარჩება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" სამომავლოდ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
"ეს ყველაფერი დამოუკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები", - განუცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას.
რაც შეეხება "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას, რომელშიც "რესპუბლიკელები" კოლეგებს კოალიციის გაძლიერების ორ გზას სთავაზობენ, ხმალაძის თქმით, არსებობს "რაღაც პრობლემები", რომლებსაც გადაწყვეტა სჭრიდება.
"განცხადება რატომ გაკეთდა, ჩანს განცხადებიდან - არსებობს რაღაც პრობლემები, რომლებიც საჭიროა გადაიჭრას. რაღაცეები უნდა მოხდეს სხვაგვარად. არის ის ეტაპი, როცა საჭიროა ასეთი დემოკრატიული ურთიერთობის დამკვიდრება. ეს წერია ამ განცხადებაში. მას, მეც ვაწერ ხელს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი", - აღნიშნა ხმალაძემ გუშინ ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც გუშინ, შალვა შავგულიძესთან ერთად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის თემაზე შეხვდა.
"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართული ოცნების" ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პარტნიორებს ორ შესაძლო გზას სთავაზობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში, რომელიც მან მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ გუშინ გაავრცელა.
პარტიის განმარტებით, ორი გზიდან პირველი არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიციის კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად გადაქცევას გულისხმობს, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, მეორე კი ისეთ კოალიციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.