"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დარტყმების სათავეშია დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ატმოსფერო, ხშირად გაშარჟებამდე მისული, ყველას პრობლემად იქცევა".
თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ალასანიას უწყებაში მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„რა მაგის პასუხია და კირვალიძეს რომ დაერივნენ შარშან და მერე დასაჭერი რომ არ აღმოჩნდა და ბოდიშიც რომ არ მოუხადეს, რა სეზონი და თვე იყო ხომ არ გახსოვთ ვინმეს? გამწვავების კოსმიურ პერიოდებს ვიკვლევ. აქ სხვა და უფრო მძიმე ბრძოლაა. თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან“, - წერს ფანჯიკიძე „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, ამ საქმეში „ირაკლისგან განყენებულადაც ვერ შეიგრძნობს დანაშაულს“.
„თუკი რამე დაირღვა, უნდა დაისაჯოს დამრღვევი ნინო, მაგრამ ელემენტარულად სილკ ნეტის არჩევა ერთერთი საუკეთესო არჩევანია მომსახურების ამ სფეროში ნინო. ირაკლისგან განყენებულადაც ვერ შევიგრძნობ აქ დანაშაულს“, - წერს ფანჯიკიძე.
ალასანიას მეუღლე აღნიშნულ ფაქტს 8 ნოემბერს დაგეგმილ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობას უკავშირებს. მისი თქმით, 2016 წელს ყველა პარტია პარლამენტში მეტი შედეგის მოსაპოვებლად იბრძოლებს და „ამ ფაქტების გამო ყველა მხრიდან ალყის შევიწროება გასაკვირი არ არის“.
„8-ში ირაკლის პარტიის ყრილობაა, 2016 ახლოვდება და სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პარტიას მეტი შედეგის მიღება უნდა პარლამენტში. ამიტომაც და სხვა ფაქტების გამოც, სულ არ მიკვირს ყველა მხრიდან ალყის შევიწროება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დარტყმების სათავეშია დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ატმოსფერო, ხშირად გაშარჟებამდე მისული, ყველას პრობლემად იქცევა, როგორც ნებისმიერი არაჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ კიდევ არაუშავს, თუ მხოლოდ პერსონალურ გრძნობებზეა დაფუძნებული, თუნდაც ეს გრძნობები მთლად საღი არ იყოს“, - წერს ფანჯიკიძე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი.