ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და ამით ვამაყობ

ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და ამით ვამაყობ

ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და მე ამით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სასურველი ინვესტორები არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა.

"უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია.

მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებში, ისე სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდები, რომლებიც წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას.

გარდა ამისა, ახალდაარსებული კერძო საინვესტიციო ფონდის - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკაში საქმიანობის წარმართვის მსურველი ინვესტორებისათვის შესაძლებლობების შექმნა.

მართალია, საქართველოს წარმატებული წინსვლა არის ბევრი ადამიანის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგი, სწორედ ჩვენი მთავრობის მიერ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გატარებულმა ძირეულმა რეფორმებმა უზრუნველყო ამ მნიშვნელოვანი მომენტის დადგომა.

როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, - ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, - არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა.

ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და მე ამით ვამაყობ. ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა აცნობიერებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ჯანდაცვასა და განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

"შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს განათლებისა და ჯანდაცვის რადიკალურ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით სოფლად.

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი ფინანსური სისტემები; სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო. თქვენთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის მონაწილეებს.