თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავების გამო, მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ მიიჩნევს, რომ თუნდაც გამოძიების დასრულებამდე ალასანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. "მე არ მივიჩნევ ასე", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შემდეგ მინისტრ დავით კირვალიძის გადადგომასთან პარალელების გავლებას, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მინისტრი ყველა თანამშრომლის გადაცდომაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
"გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ ნაჩქარევად არ ვიტყოდი, რომ ფაქტი დადასტურებულია. მე გამიხარდება, რომ ეს კორუფციული ფაქტი არ დადასტურდეს, რადგან თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა არსებობს. ამ ფაქტის დადასტურება არ იქნება სასიამოვნო, არც საზოგადოებისთვის და არც - სამხედროებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დავით კირვალიძესთან პარალელს, ამ შემთხვევაში, პარალელის გავლება არ მიმაჩნია სწორად, რადგან მაშინ ის ფაქტი არ დადასტურდა. უბრალოდ დავით კირვალიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უფლებამოსილება – ეს მისი გადაწყვეტილება იყო და არა - პრემიერის მოთხოვნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო. იმედი მაქვს, რომ ფაქტი ამ შემთხვევაშიც არ დადასტურდება. რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება – ეს ყველაფერი დამოკიდებულია დეტალებზე, რამდენად იყო ინფორმირებული მინისტრი, რამდენად შეეძლო, პასუხისმგებლობა აეღო ამ შესყიდვებზე. მინისტრი ვერ იქნება პასუხსიმგებელი ყველაფერზე. სამინისტროში 1000-ზე მეტი კაცი მუშაობს და ყველა თანამშრომლის გადაცდომაზე მინისტრს არ უნდა მოეთხოვოს პასუხი. მე ამ საკითხს ასე არ ვუყურებ ნამდვილად. ჯარში ინტოქსიკაციის შემთხვევები რომ გავიხსენოთ, როგორ უნდა აეღო მინისტრს პასუხისმგებლობა, თუ მზარეულმა შეცდომა დაუშვა?", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.