ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა

ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით გაზრდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პრემიერმა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ეს შეთანხმებები თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ასევე ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.

გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

"ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ჩვენი მეზობელი, ჩვენთვის ამერიკა ისევე ახლოა, როგორც ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე იზრდება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ვეძებთ ამ ურთიერთობების გაფართოების გზებს. კორეასთან და იაპონიასთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური ურთიერთობები. ფართოვდება ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან. სულ რამდენიმე კვირის წინ ვიცე-პრემიერი, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც არის, ეწვია ჩინეთს. მე კი რამდენიმე თვეში ვესტუმრები ამ ქვეყანას. სულ უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება ჩინეთში განათლების მისაღებად და სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს საქმიანობას ჩვენთან. ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს. ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთთან განსაკუთრებით მჭიდროა. შუა აღმოსავლეთის ბევრი კომპანია ახორციელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიმყოფებოდი გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, რომლებთანაც აქტიური და რეგულარული გაცვლა-გამოცვლა გვაკავშირებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს თავისუფალი ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, "რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, სტატუსს".

"ამ ურთიერთობების წყალობით, 2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22.4%-ით და შეადგინა 2.9 მილიარდ დოლარზე მეტი. ზრდა გაგრძელდა 2014 წელშიც, როცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.