საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკავებულმა თანამშრომლებმა არც იციან, რაზე დააკავეს და რას ედავებიან, აგონიაში არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე დაკავებულების, ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტისა და დავით წიფურიას ადვოკატმა, გიორგი სამუშიამ განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
"დაკავებულებს შევხდი გუშინ. არ აღიარებენ ბრალს. არც იციან, რაზე სხედან და რას ედავებიან. აგონიაში არიან", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში დღეს, წარედგინებათ. სამუშიას თქმით, დაცვის მხარეს ბრალის წარდგენის შემდეგ შეეძლება კონკრეტულად საუბარი, თუ რას მოიცავს ბრალდება და რა მტკიცებულებები დევს საქმეში.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავევბის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ.
დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.