მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია.
კვლევის "ბიზნესის წარმოება 2015: ეფექტიანობაზე მეტი" მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველომ 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) განახორციელა, რაც რუანდას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მას მოჰყვება 34 რეფორმით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.
"ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს რეფორმების ტემპის კუთხით მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად ლიდერია. მეწარმეებისთვის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ნაბიჯების შედეგად შესაძლებელი გახდა ზოგიერთ სფეროში მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით არსებული ჩამორჩენა აღმოფხვრილიყო. მაგალითად 2010 წელთან შედარებით რეგიონში ქონების რეგისტრაციისთვის საჭირო საშუალო დრო 14 დღით შემცირდა, რამაც ეს პროცესი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფი გახადა," - განაცხადა ბიზნესის წარმოების კვლევის წამყვანმა ავტორმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელმა რიტა რამალომ.
კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპური გავიდა. საუკეთესო ათეულში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემოს არსებობის მხრივ შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი (ჩინეთი); დანია; კორეის რესპუბლიკა; ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები; გაერთიანებული სამეფო, ფინეთი და ავსტრალია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიზნესის წარმოების კვლევაში 2014 წლის ამავე ანგარიშთან შედარებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის დაფიქსირებული, ვინაიდან შარშან ბიზნესის წარმოების სიმარტივით, საქართველოს მე-14 ადგილი ეკავა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური მთავარი კვლევა, რომელსაც "ბიზნესის წარმოება" ეწოდება, იმ რეგულაციების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესს მისი არსებობის მანძილზე ეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი. ბიზნესის წარმოების საერთო შეფასება 10 ინდიკატორს ეყრდნობა და 189 ქვეყანას მოიცავს.
"ბიზნესის წარმოების" კვლევა ფირმებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ყველა ასპექტს არ ზომავს. მაგალითად, კვლევა არ ზომავს ფისკალური მენეჯმენტის ხარისხს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის სხვა ასპექტებს, მუშა-ხელის კვალიფიკაციის დონეს ან ფინანსური სისტემების მდგრადობას.