პროკურატურა - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე გასაჯაროებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავდა

პროკურატურა - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე გასაჯაროებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავდა

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთ მონაცემებს, რომლის გასაჯაროებითაც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება მოხდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუმარტეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ წინასწარ მიიღო კომპეტენტური ორგანოს - შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციის გასაჯაროება შეიძლებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. 

"შესაბამისად, ჩვენს მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია, კომპეტენტური ორგანოს დასკვნით, არ შეიცავდა ისეთ მონაცემებს, რომლის გასაჯაროებითაც მოხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მოხდა ბრიფინგის ტექსტის შემუშავება", - განაცხადეს პროკურატურაში. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა, გრიფით საიდუმლო ადევს. სამინისტრო საქმეზე გრიფის მოხსნის ინიციატივით გამოდის. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გრიფი საქმეს თავად სამინისტრომ დაადო და მოხსნაც მისი კომპეტენციაა. 

"აღნიშნულ საქმეში არსებულ დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი დადებული აქვს თავდაცვის სამინისტროს მიერ, შესაბამისად, მისი მოხსნის კომპეტენცია მას ეკუთვნის", - განუცხადებს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ "სილქნეტის" სასარგებლოდ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.