პარლამენტში წარდგენილი ოპტიმალური ბიუჯეტის გაფუჭება ხდება დამატებითი მოთხოვნებით

პარლამენტში წარდგენილი ოპტიმალური ბიუჯეტის გაფუჭება ხდება დამატებითი მოთხოვნებით

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი ოპტიმალური ბიუჯეტის გაფუჭება ხდება დამატებითი მოთხოვნებით. ამის შესახებ, გოცირიძემ ჟურნალისტებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

"ბიუჯეტის შექმნისას მთავრობის წევრები არიან ერთმანეთის კონკურენტები. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს რაღაც მოცემულობა, რომლის იქეთ ბიუჯეტი ვერ გაიზრდება, შეუძლებელია დღეს ეს ბიუჯეტი იყოს 9 მილიარდზე მეტი. ამიტომ როდესაც ხდება ბიუჯეტის დაყვანა ძირითად პარამეტრებამდე, იწყება კონკურენცია. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მას უნდა ნატო-ს სტანდარტების დაფინანსება ჰქონდეს. სოციალური სფერო ამბობს, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პრიორიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ სჭირდება მეტი თანხა სუბსიდიებისთვის, შემდეგ აღმოჩნდება, რომ განათლება როგორც ყოველთვის, დაჩაგრულია და ეს შიდა კონკურენცია საბოლოო ჯამში მთავრდება მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტით, რომელიც 1 ოქტომბერს წარედგინა პარლამენტს. ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ პირველი რიცხვის შემდეგ მთავრობა გამოდის, როგორც ერთიანი გუნდი. ეს უკვე არ არის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი, არამედ მთავრობის მიერ ერთხმად დამტკიცებული დოკუმენტი, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისვე თქმით, საბიუჯეტო კონკურენციის შემდეგი ეტაპი იწყება უკვე დოკუმენტის პარლამენტში წარდგენის შემდეგ.

"ახლა პარლამენტში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტის რევიზია. როგორც კი ბიუჯეტი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, გაკეთდა განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს არ ყოფნის თანხები, რომ დაუბალანსებელია ბევრი სფერო, ახლა დაიწყეს პენსიების ზრდაზე საუბარი, რომელიც გათვალისწინებული არ იყო პროექტით. ცოტა არ იყოს, უცნაური პროცესია, რომ მთავრობა დაუპირისპირდა ფინანსთა სამინისტროს, ეს უკვე ნიშნავს ამ კანონმდებლობის არცოდნას, რადგან საბიუჯეტო კოდექსში ცალსახად წერია, რომ ეს უკვე არის მთავრობის დოკუმენტი, ან მეორე, ადგილი აქვს კოორდინაციის პრობლემას, ან უფრო მეტი, ყველას უნდა მეტი ფინანსები თავისი სფეროსთვის, რაც წარმატებული მუშაობის გარანტიაა. წარმატებული მუშაობა კი პოლიტიკურ დივიდენდებს ქმნის, რა თქმა უნდა, სხვის ხარჯზე, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში ნებისმიერს შეუძლია ბიუჯეტის რევიზია და როდესაც საქმეში ერევიან ხალხის არჩეული დეპუტატები, უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, პენსიების მომატება თუ 30 მილიონი ლარის ჩუქება ფეხბურთის ფედერაციისთვის.

"დეპუტატების მოთხოვნა ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ძალიან ჯანსაღია. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 100 მილიონი აკლია განათლების სფეროს, ეს ცოტა გადაჭარბებული ციფრია. თუმცა ეს რომ განათლების მინისტრს ეთქვა, იქნებოდა სკანდალი, ვინაიდან სად იყავი მაშინ მთავრობაში როცა განიხილებოდა ბიუჯეტი, მაგრამ როცა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს ამას, ეს პოლიტიკურად კორექტულია, თუმცა როგორც წესი, კომიტეტის თავმჯდომარეები ახმოვანებენ შესაბამისი პროფილის სამინისტროების აზრს. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ ექვს თვეში გამოძებნის თანხებს ამ სფეროებისთვის. ამ თვის დამთავრება არაფერს ცვლის მაკროეკონომიკურ სურათში, რომელიც ისედაც ნათელია. ანუ ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის წარდგენილი პარლამენტში არის ოპტიმალური და იწყება ამ ოპტიმალური ბიუჯეტის გაფუჭება დამატებითი მოთხოვნებით და შედეგად კი მივიღებთ იმ სურათს, რაც იყო შარშან და წელს, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გათვალისწინება მოთხოვნების დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით და სხვადასხვა სფეროების ბიუჯეტის გაზრდასთან მიმართებაში, თუმცა აუცილებელია არსებული პროექტის შიგნით სწორად გადანაწილდეს პრიორიტეტები.