ჩამოვედით პარტნიორობისა და მეგობრობის გასაღრმავებლად

ჩამოვედით პარტნიორობისა და მეგობრობის გასაღრმავებლად

ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო-სამხედრო ძალების ხომალდის Mount Whitney კაპიტანი მარკ კოლომბო აცხადებს , რომ ხომალდი საქართველოს წყლებში შემოვიდა პარტნიორობისა და მეგობრობის გასაღრმავებლად.

როგორც კაპიტანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდი შავი ზღვის აკვადორიაში იმყოფება მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფთხოების უზრუნველსაყოფად. კაპიტანმა მარკ კოლომბომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მთავრობის წევრებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა:

"რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში გვექნება ურთიერთობის საშუალება ჩვენს მეგობრებთან კულტურული, პროფესიული და სპორტული ღონისძიებების დონეზე. ისინი, ვინც საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ძალიან მოხარულები არიან, რომ კვლავ ჩამოვიდნენ ხოლო ვინც არ ყოფილა და მათ შორის მეც, ვისიამოვნებთ ამ ვიზიტით", - აღნიშნა მარკ კოლომბომ.

Mount Whitney სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს, უმასპინძლებს გემზე ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ევროპული სარდლობის ორკესტრი ხვალ, 18:00 საათზე ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობის წევრებს უმასპინძლებს. "მოკავშირე ძალების ჯაზის დიპლომატები" შეასრულებენ ამერიკული ბიგ ბენდის კლასიკურ მიქსებსა და თანამედორვე ჯაზ ვოკალის არანჟირებებს.

Mount Whitney საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მესამედ იმყოფება. 2008 წელს სამხედრო-საზღვაო ხომალდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისიაში Operation Assured Delivery. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნის საპასუხოდ. მეორედ "Mount Whitney" ბათუმში 2013 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პერიოდულად სტუმრობენ.