სვეტიცხოველში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან. როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო სიკეთით სავსე დღე და ვუსურვო მრავალ ბედნიერ დღესასწაულს დაესწრონ. ყველასთვის იყოს კეთილის მომტანი დღევანდელი დღე", - განაცხადა თამარ სანიკიძემ, რომელიც სვეტიცხოველში შვილთან ერთად მივიდა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული მართლმადიდებლებს თავდცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც მიულოცა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ სვეტიცხოვლობა, მისი მადლი ფარავდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მშვიდობა მოგვცეს უფალმა, გულშიც და ქვეყანაშიც. მცხეთელებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული, ვუსურვო წარმატება, განვითარება და აღმავლობა. ეს არის მნიშვნელოვანი დღესასწაული და მიხარია, რომ ერი და ბერი ერთად ვართ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სვეტიცხოვლის ტაძარში უკვე მივიდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. სვეტიცხოველში იმყოფებიან თბილისის მთავრობის და საკრებულოს წევრებიც.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, სვეტიცხოვლობა არის დღე, როდესაც საქართველო სულიერად და ეროვნულად ერთიანდება და ეს დღე ქვეყნის წარმატების და გამთლიანების საწინდარი უნდა იყოს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.