საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე მიესალმება პრემიერის იმ განცხადებას, რომელიც ღარიბაშვილმა გიორხელიძის გატაცების საქმის კომენტირებისას გააკეთა და კრიმინალების უმკაცრესად დასჯას ეხება.
როგორც ჩაფიძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ახარებს. მისივე თქმით, პრემიერი მთავრობის მეთაურია, ფლობს გარკვეულ ოპერატიულ ინფორმაციას და მსგავს განცხადებებს ამაზე დაყრდნობით აკეთებს.
"მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პათოსს, რომელიც მას ამ განცხადებაში ჰქონდა. უკვე ორი წელია, პარლამენტში ყოველ ოთხშაბათს ვისმენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არასტაბილური, კირმინოგენური სიტუაციაა, ეკონომიკა უკან მიდის, სოციალური ფონი უარესდება და ა.შ. ეს კი ქვეყნის საგარეო იმიჯზე ძალიან ცუდად მოქმედებს. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და რა კავშირები არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და კრიმინალებს შორის მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაშია. პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურია და ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს. ამიტომ არ მაქვს არავითარი საფუძველი არ გავიზიარო პრემიერ-მინისტრის ეს შეფასება, რომელიც აბსოლუტურად ჯდება პოლიტიკური განცხადების ფარგლებში. განცხადება, რომ დაკავებული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები არიან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააუქმა, არავითარ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს. ეს ფაქტის კონსტატაციაა", - განაცხადა ჩაფიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა "პირველ პრესკლუბში" ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან ლმობიერია და საზოგადოებრივ მორალს უფრთხილდება.
"ხელისუფლება ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ვართ პატარა ქვეყანა და არ აქვეყნებს იმ კადრებს, რომელიც ზუგდიდის სამალავებში იყო აღმოჩენილი, რაც ერთის მხრივ საზოგადოებას სრულ წარმოდგენას შეუქმნიდა, თუ ვისთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ადამიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა. ჩვენ სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ არ გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ცდებიან პოლიტიკური ოპონირების ფარგლებს და ერჩიან არა ხელისუფლებას, არამედ საკუთარ ქვეყანას" - განაცხადა ჩაფიძემ.