ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამერიკული ხომალდით საქართველოში ჩამოვიდოდი, - ამის შესახებ ბათუმის ნავსადგურში ჟურნალისტებს ამერიკული სამხედრო ხომალდის Mount Whitney-ს ეკიპაჟის ქართველმა წევრმა გივი ტიბანელმა განუცხადა.
როგორც გივი ტიბანელმა აღნიშნა, რადგან წარმოშობით ქართველია, შესაძლებლობა მიეცა იტალიაში მყოფ სამხედრო ხომალდს საქართველოში გამოყოლოდა. გივი ტიბანელი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში ოთხი წელია მუშაობს. ის ოფიცერი და სამხედრო იურისტია.
"რადგან ხომალდი ბათუმში მოდიოდა მეც გამომიშვეს, როგორც წარმოშობით ქართველი. ძალიან მიხარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი ამერიკული ხომალდით. ბათუმში ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ არა სამხედრო ხომალდით. წარმოშობით კახელი ვარ, ტიბაანიდან. დავიბადე თბილისში, 10 წლის ასაკში მშობლებთან ერთად წავედი ამერიკაში. გავიზარდე სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ვსწავლობდი კალიფორნიის უნივერსიტეტში", - აღნიშნა გივი ტიბანელმა.
ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ხომალდის ეკიპაჟის წევრები შეხვდებიან შს სამინისტროს, საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. გაიმართება შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან.
დაგეგმილია ანტიტერორისტული და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომელშიც, სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული წვრთნებიც.
ოთხი დღის განმავლობაში, ბათუმის პორტში ყოფნისას Mount Whitney უმასპინძლებს ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.