„თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მოგვაქცევს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვით“

„თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მოგვაქცევს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვით“

აღნიშნული განცხადება ფოთში მცხოვრებმა დევნილმა ლალი ბასილაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციაში გააკეთა.

მისი განმარტებით, თუ ხელისუფლება 17 ოქტომბრამდე არ გამოიძიებს მიმდინარე წლის აგვისტოში დევნილთათვის ფოთის ახალ რაიონში ბინების გადაცემის საკითხს, მასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ფოთში მცხოვრები 15-მდე დევნილი ოჯახი იტყვის.

ბასილაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პარასკევამდე არ დადებს გამოძიების შედეგებს, ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ, შემდეგ კი, თავშესაფრის მოთხოვნით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

რამდენიმე დღის წინ, ორმა დევნილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერ დარეჯან ცხვიტარიასთან ერთად აქცია მოაწყო და ფოთიდან თბილისამდე ფეხით ჩავიდნენ.

დღეს, ბრიფინგზე, დევნილებმა განაცხადეს, რომ ამის მიუხედავად, მათ ყურადღება არავინ მიაქცია, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ ხელისუფლებისთვის ულტიმატუმი წაეყენებინათ - საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მუქარით.