ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდი Mount Whitney შემოვიდა, რომლის ეკიპაჟის ერთი წევრიც ქართველია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.

ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ხომალდის ეკიპაჟის წევრები შეხვდებიან შს სამინისტროს, საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. გაიმართება შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან.

დაგეგმილია ანტიტერორისტული და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომელშიც, სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული წვრთნებიც.

ოთხი დღის განმავლობაში, ბათუმის პორტში ყოფნისას Mount Whitney უმასპინძლებს ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.

ბათუმის ნავსადგურში უკვე ემზადებიან ოფიციალური ღონისძიების დასაწყებად, სადაც ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეხვდებიან ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრები.