ალექსი პეტრიაშვილი ვარშავაში როუზ-როსის სემინარის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ალექსი პეტრიაშვილი ვარშავაში როუზ-როსის სემინარის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში, ქ. ვარშავაში გაემგზავრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 87-ე სემინარის (87-th ROSE-ROTH Seminar) მუშაობაში.

სემინარის მთავარი თემაა: "აღმოსავლეთ ევროპა: პოლიტიკური და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები" (Eastern Europe: New Political and Security Challenges).

სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სემინარის სესიაში: "საქართველო: დემოკრატიის კონსოლიდაცია და წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში". ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით მიმართავს სემინარის მონაწილეებს და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში.

პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.