მერია ზღვის უბნის სადავო კორპუსების პრობლემის მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს

მერია ზღვის უბნის სადავო კორპუსების პრობლემის მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს

ზღვის უბნის სადავო კორპუსების ფაქტობრივმა მცხოვრებლებმა მერიის შენობა მოლაპარაკების შემდეგ დატოვეს. შეხვედრაში მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და ზღვის უბნის სადავო კორპუსების ფაქტობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერია ამ პრობლემის მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს. მისი თქმით, ამ შეხვედრის დანიშნულება იყო მოესმინათ ერთი მხარისთვის, გაცნობოდნენ მათ პოზიციებსა და ინტერესებს.

მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა მომავალში. გოგლიჩიძემ დასძინა, რომ წლების განმავლობაში ეს პრობლემა წინა მთავრობის მიერ პერიოდულად ზედაპირულად გვარდებოდა. მერიის დღევანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პრობლემა ორივე მხარისთვის დადებითად უნდა მოგვარდეს და მიღებული გადაწყვეტილებები შედეგიანობაზე და სამართლიანობაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

გოგლიჩიძის განცხადებით, მერია აპირებს შეხვდეს მეორე მხარესაც, შპს "მეტრომშენის" წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთრებაზე პრეტენზიებს აცხადებენ. მისივე თქმით, მერია მომხრეა პროცესის სამართლიან გადაწყვეტაში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთონ და მათი პოზიციაც მოისმინონ.

თავის მხრივ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერია არ ფლობს რაიმე ექსკლუზიურ მექანიზმს, რათა ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტოს პრობლემა. მისივე თქმით, ეს დავა მოქალაქეთა ორ ჯგუფს შორის ხდება, თუმცა, თბილისის მერია არის ამ ქალაქის ადმინისტრაცია და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს. კერძოდ, როგორ დააახლოვოს პოზიციები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მისივე განცხადებით, ეს პირველი შეხვედრა იყო და წინასწარ რაიმე შედეგზე საუბარი ზედმეტია.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე ზღვის უბნის 204-ე სადავო კორპუსის მცხოვრებმა თამარ ცუცქირიძემ. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ მერიამ მათ მოუსმინა და იმედი გამოთქვა, რომ არც ერთი მხარე ამ მოლაპარაკებების შედეგად დაზარალებული არ დარჩება.

მერიის შენობასთან ამ წუთებში შსპ "მეტრომშენის" წარმომადგენლები რჩებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ბინები მათ ეკუთვნით. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ მერია მათ არ შეხვდა.