აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
შეთანხმების პროექტის მე-5, "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას "აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას".
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.
ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დეფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.
გარდა ამისა, რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შევიწროებაზე არ მიმდინარეობს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.