ჩვენი პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები "ნაციონალებს" ბრმად არ უნდა ენდონ

ჩვენი პარტნიორები "ნაციონალებს" ბრმად არ უნდა ენდონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით ფოფხაძე ევროსაბჭოს მომხსენებლის მიქაელ იენსენის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. დეპუტატი ეთანხმება იენსენის მოსაზრებას, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას "პარტიზანულს" უწოდებს.

გედევან ფოფხაძე ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც იენსენის თქმით, თავად რომ საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, რომ ეს "პარტიზანული", ცალმხრივი რეზოლუციაა.

"ჩვენ რომ მისი რჩევა გაგვეთვალისწინებინა და პარლამენტში იგივე ფორმულირება გამოგვეყენებინა, რა თქმა უნდა ჩვენი "ნაციონალი" ოპონენტები იტყოდნენ, რომ ჩვენ ამით საერთოდ ევროპას და ევროკავშირს ვუპირისპირდებით. კარგია, რომ თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო წარმომადგენლობიდან ჟღერდება ეს პოზიცია, რადგან ნამდვილად, პოლიტიზირება იმ წინააღმდეგობის, რაც ქვეყანაში მიდის გადადის ევროპაში. "ნაციონალები" იქაური სტრუქტურების გამოყენებით ცდილობენ, რათა თავისი პოლიტიკური კონიუნქტურა გაამართლონ. მე არსებითად მიმაჩნია, რომ საკითხი, რომელიც ახლა გადაიტანეს იქითა ფრონტზე, ეს არის საქართველოს მართლმსაჯულების საკითხი და ახალაიასთვის ბრძოლა და მისი "გაპრავება" ან თავისი რომელიმე კორუმპირებული ჩინოვნიკის დაცვა ამ ფორმით, ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფოსთვის კარგი არაფრის მომტანია, მით უფრო ევროპულ სტრუქტურებში", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, პარტნიორები ალბათ უფრო არსებითად და უფრო გულისხმიერად უნდა მიუდგნენ მსგავს პრობლემებს, ბოლომდე უნდა ჩაწვდნენ საკითხს და არ უნდა ენდონ "ნაციონალებს" ბრმად.

"ძირითადად ნაციონალები თავის მოკავშირე პარტიებთან მუშაობენ, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ რომელიმე პარტია კი არ უნდა იყოს მათი მოკავშირე და პარტნიორი, არამედ ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფოს საზიანო საქმეებისთვის მხარდაჭერა არ იქნება სწორი არავის მხრიდან", - დასძინა გედევან ფოფხაძემ.

ევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას "პარტიზანულს" და "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციას უწოდებს.

როგორც იენსენი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ეს არ არის მათი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი.

მისივე შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს "გადასდო", შედეგად კი "ევროპის სახალხო პარტია" და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, მისი თანამომხსენებლისთვის "ჭკუა ესწავლებინათ".