საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ევროსაბჭოს მომხსენებელს მიქაელ იენსენს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში გამოხატული პოზიციისთვის პირადი წერილი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა, მადლობელია იენსენის, რომ მან, როგორც ღირსეულმა კაცმა თავისი სათქმელი თქვა, თუმცა, მისი თქმით, იენსენსაც ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილი გასაზიარებელია.
"მე ადგილზე ვიყავი. ჩვენ ვნახეთ ტექსტი, რომელიც იენსენმა და სილევიჩმა მოამზადეს. ისინი არიან საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ამ ტექსტში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა სახალხო პარტიამ 30 შესწორება შეიტანა. გამოვიდა, რომ ახალი ტექსტი არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც დაწერეს. ამიტომ მომხსენებლებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მეტიც, მომხსენებლებმა ითხოვეს რეზოლუცია არ განხილულიყო. მაგრამ სახალხო პარტია იმ დღეს ძალაზე იყო და აშკარად გრძნობდა, რომ მთელი დარბაზი მათი იყო. ამ ენთუზიაზმით, რომელშიც ეგზალტაციისგან კინაღამ სიხარულით მოკვდა ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი, გაიტანეს დოკუმენტი. ერთადერთი შესწორება, სადაც ამბობდნენ, რომ საქართველოს მართავს ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, ეს არ გავიდა. დანარჩენი ყველაფერი გაიტანეს. ნორმალური, სერიოზული რეზოლუცია, იქცა საკმაოდ უხერხულ და ევროპისთვის შეუფერებელ დოკუმენტად", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მიქაელ იენსენი უკვე მეორე მომხსენებელია, ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა. პირველი კი ბორის სილევიჩი იყო, რომელსაც ბერძენიშვილის ინფორმაციით, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა რუსეთის აგენტი უწოდა.
"ჩვენ მაინც უფრო მოკრძალებულად და მორიდებულად ვექცევით ევროპის საბჭოს, ვიდრე იენსენი. იენსენი ნამდვილი ევროპიდანაა და მას არ ეშინია და არ რცხვენია. ჩვენ კიდევ რამე რომ ვთქათ ევროსაბჭოზე, გასაგებია, იტყვიან აი, ვინ არის? ჩვენ ვართ მონიტორინგის ქვეშ. ქვეყანა, რომელიც მონიტორინგის ქვეშ არის, ბევრს ვერ იტყვის. იენსენს პირადი წერილი გავუგზავნე და გამოხატული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ მან თქვა ის, რასაც ჩვენ ვერიდებით. ჩვენ ევროპის საბჭოს შეურაცხყოფის გვეშინია და ვერიდებით ასეთ მკვეთრ განცხადებას. ბატონი კანდელაკი, როგორც ხედავთ, ევროპელ დეპუტატებს არ მოერიდა. მე არასდროს, არც სახალხო პარტიაზე მითქვამს, რომ ფულზე გაყიდული არიან. არც მგონია ეს ყველაზე მთავარი იყოს. აშკარად იდეური მსგავსებაა. სახალხო პარტიას სურს დაეხმაროს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის ღვიძლი წევრი. სახალხო პარტია ახლა უმრავლესობაშია, როგორც ევროპარლამენტში, ისე ევროსაბჭოში", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას "პარტიზანულს" და "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციას უწოდებს.
როგორც იენსენი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ეს არ არის მათი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი.
მისივე შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს "გადასდო", შედეგად კი "ევროპის სახალხო პარტია" და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, მისი თანამომხსენებლისთვის "ჭკუა ესწავლებინათ".