დავით უსუფაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა

დავით უსუფაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობაში. „დღევანდელი ღონისძიება უნიკალური მოვლენაა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისთვის. პრაქტიკულად, გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს პარლამენტები საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის წევრები არიან და აქ მათთან ურთიერთობის გამყარების და საუბრის საშუალებაა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებაც ისაუბრა. „მქონდა საინტერესო შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან. გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მიწვევით გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ. გერმანული მხარის დაინტერესება და სწორი ინფორმირება ამ თემებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ დაადასტურა მისი მზადყოფნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ეწვიოს. გერმანია სულ უფრო და უფრო მეტ როლს და პასუხისმგებლობას იღებს ამ პროცესებში და მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა ბერნში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერნში დაგეგმილი შეხვედრები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, არ არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ინდივიდუალურად არის ძალიან აქტიური მოთამაშე და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ შვეიცარიამ იკისრა საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი. სასიამოვნოა, რომ შვეიცარიის მთავრობა, მისი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბერნში 13 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი შედიან.