როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა განაცხადა, რეალურად, ეს არის ძალიან მძიმე სფერო.
კახიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის და მინისტრი კურსელები იყვნენ და მას რომ არ სცოდნოდა ვინ არის გიორგი მღებრიშვილი, „სამინისტროში ტანკითაც კი ვერავინ შემოათრევდა“.
„სიმართლე გითხრათ, ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ვიყავი, ვიდრე გადაწყვეტილება მივიღე აქ მოსვლის თაობაზე. თუმცა, მეორეს მხრივ ვიფიქრე, რომ თუ შენ არ შეიტანე წვლილი რაღაც რეფორმაში, მხოლოდ საუბარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ამ სამინისტროსაც ძალიან ეფექტურად ვაკრიტიკებდი. ამიტომ, რასაც იქ ვაკრიტიკებდი, მინდა, რომ მინისტრთან და მთავრობის გუნდთან ერთად, აქ განვახორციელო და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ევროპული ტიპის პენიტენციური დაწესებულება და პრობაციის სამსახური“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა მინისტრმა და პრემიერმა დაგეგმეს და მას პატივი ერგო, რომ რეფორმის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს.
„ეს არის მძიმე თანამდებობა. რომ მილოცავდნენ, ვიფიქრე, რომ მოსალოცი კი არა, გასაზიარებელი უფროა, მაგრამ ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა. დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური დროებითია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ რეფორმის ჭრილში მინისტრთან და პრემიერთან ერთად იმ კვალს დავტოვებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში მოემსახურება“, - განაცხადა კახიშვილმა.