ბათუმს აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხომალდი ეწვევა

ბათუმს აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხომალდი ეწვევა

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხომალდი "მაუნთ უითნი" ბათუმს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, 14-18 ოქტომბერს ბათუმის პორტს ეწვევა აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდი "მაუნთ უითნი" (LLC 20). საელჩოს ინფორმაციით, "მაუნთ უითნის" ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის ძალისხმევას ნატო-ს მეკავშირეებთან და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, აგრეთვე საერთო მიზნის მისაღწევად შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

საქართველოში ყოფნისას "მაუნთ უითნი" სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს, უმასპინძლებს გემის ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის პატივსაცემად. საელჩოს ინფორმაციით, "მაუნთ უითნის" ვიზიტი აშშ-ის სამხედო ფლოტის ხომალდების უკვე განხორციელებული ვიზიტების გაგრძელებაა და ემსახურება პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ-ის, მის მეკავშირეებსა და რეგიონულ პარტნიორებს შორის.

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ევროპული სარდლობის ორკესტრი 15 ოქტომბერს, 18:00 საათზე ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავს. "მოკავშირე ძალების ჯაზის დიპლომატები" შეასრულებენ ამერიკული ბიგ ბენდის კლასიკურ მიქსებსა და თანამედორვე ჯაზ ვოკალის არანჟირებებს. დასწრება თავისუფალია.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის მე-6 ფლორტის მოქმედების არეალი ფარავს ატლანტიკის ოკეანის თითქმის ნახევარსა და ადრიატიკის, ბალტიის, ბარენტსის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვებს. 2008 წელს "მაუნთ უითნიმ" მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისიაში Operation Assured Delivery. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნის საპასუხოდ. "მაუნთ უითნი" იმყოფებოდა შავი ზღვის აკვატორიაში 2014 წლის თებერვალში სოჭის ოლიმპიური თამაშების მხარდასაჭერად და ბოლოს კი ბათუმში 2013 წლის ნოემბერში.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პერიოდულად სტუმრობენ.