რუსეთის საქმეა თავის ტერიტორიაზე გზას ააშენებს, დაანგრევს თუ შეაკეთებს, საქართველოსთან შემაერთებელი გზის მშენებლობაზე კი საუბარი არ ყოფილა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ თემაზე რუსეთის მხარესთან ჩვენ საუბარი საერთოდ არ გვქონია, არანაირ ფორმატში არ განხილულა ეს თემა არც რუსეთთან და არც საქართველოს მთავრობაში. რატომღაც ჩვენი ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ახლა ამ საკითხის მუსირება მოახდინოს. თუკი რუსეთი თავის ტერიტორიაზე გზას აშენებს ან ანგრევს ან შეაკეთებს, ეს მათი საქმეა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით – ვერც შევაჩერებთ, ვერც ნებას მივცემთ, მაგრამ შემაერთებელი გზის მშენებლობაზე საუბარი არ ყოფილა. ანუ ამ ეტაპზე თემა არ არსებობს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე არ აკონკრეტებს, როგორი იქნება ქართული მხარის პოზიცია მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, მთავრობა იმსჯელებს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს.
"თუ რაიმე წინადადებით ამასთან დაკავშირებით მოგვმართავენ, ჩვენ მოვისმენთ, გავაანალიზებთ და გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბონდარევმა გაახმაურა. მისი თქმით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.