"თავისუფალ დემოკრატებს" გენერალური მდივანიც ახალი ეყოლება

პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატებს", ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ახალი გენერალური მდივანი ეყოლება.

იცვლება და იზრდება "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოში საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები შევლენ.

პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით "თავისუფალმა დემოკრატებმა" გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. იქ მიღებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით კი პარტია გადაწყვეტილებას 8 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობაზე მიიღებს."თავისუფალ დემოკრატების" ყრილობაზე მიწვეული არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა და განაცხადა რომ განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი.

რაც შეეხება კითხვას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას, როგორც ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მათ აღებული აქვთ ვალდებულება, შეთანხმება და ისინი შეთანხმების და ვალდებულებების ერთგულები არიან.

"2016 წლამდე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციის შემადგენლობაში ვართ. გვაქვს რა თქმა უნდა, მტკიცე სურვილი და ნება, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენი პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთი სიახლე სავარაუდოდ იქნება პარტიის ხელმძღვანელობაში როტაციული წესით ცვლილებების განხორციელება. შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება ბატონ ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

პარტიის თავმჯდომარე ამ დროისთვის ირაკლი ქადაგიძეა.