მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღეს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კომისიის რიგით 50-ე სხდომაზე განიხილება: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა; ასევე, საუბარი იქნება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დეტალებზე; ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის მანდატის ქვეშ ქართულ სამხედრო მისიაზე და ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია; საუბარი იქნება ასევე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის შექმნასა და საკონსულტაციო ჯგუფის თაობაზე, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს; სხდომის მონაწილეები საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისგან მოისმენენ ინფორმაციას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, სამომავლო გეგმებზე. მიმდინარე წელს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მდგომარეობის შესახებ.