8 ნოემბრისთვის დაგეგმილ "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთი სიახლე სავარაუდოდ პარტიის ხელმძღვანელობაში როტაციული წესით ცვლილებები იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შეუძლია თქვას, რომ განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი.
რაც შეეხება კითხვას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას, როგორც ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მათ აღებული აქვთ ვალდებულება, შეთანხმება და ისინი შეთანხმების და ვალდებულებების ერთგულები არიან.
"2016 წლამდე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციის შემადგენლობაში ვართ. გვაქვს რა თქმა უნდა, მტკიცე სურვილი და ნება, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენი პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთი სიახლე სავარაუდოდ იქნება პარტიის ხელმძღვანელობაში როტაციული წესით ცვლილებების განხორციელება. შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება ბატონ ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პარტიის თავმჯდომარე ამ დროისთვის ირაკლი ქადაგიძეა.