თუ თავდაცვაში სახელმწიფოსგან ინვესტიცია არ ჩაიდო, ეკონომიკური განვითარება ვერ განხორციელდება

თუ თავდაცვაში სახელმწიფოსგან ინვესტიცია არ ჩაიდო, ეკონომიკური განვითარება ვერ განხორციელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა თემაზე "ქვეყნის უსაფრთხოების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე" ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო მშვიდობის პროცესში საქართველოს წვლილზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

"ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ ნატო-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ თუ არ იქნება უსაფრთხოება, ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება. ძალიან კარგად ესმით ჩვენს ბიზნესმენებს, ამერიკელებსაც სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

შეხვედრას, ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ.