ევროსასამართლოს ხედვაა, რომ უვადო პატიმარს გათავისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს

ევროსასამართლოს ხედვაა, რომ უვადო პატიმარს გათავისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს

უვადო პატიმარი არ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც უფრო საშიში, ვიდრე სხვა მსჯავრდებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, რითაც უვადო პატიმრობაში მყოფი ზოგიერთი პირის შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ტუღუშმა განმარტა, ევროპას სწორედ ასეთი ხედვა აქვს და ის ამ მიდგომას იზიარებს.

"თუ გავითვალისწინებთ ევროპულ ხედვას ამ მიმართულებით, ერთ-ერთი სტანდარტი არის სწორედ ის, რომ უვადო პატიმარი არ შეიძლება მოიაზრებოდეს უფრო საშიშად, ვიდრე, პატიმარი, რომელიც უვადო სასჯელს არ იხდის. როგორც წესი, ზომები, როცა უვადო პატიმრობამისჯილები ჰყავთ ცალკე და არ ხდება მათი შერევა სხვა მსჯავრებულებთან, მოიაზრება, როგორც გადამეტებული და უსაფუძვლო. ევროსასამართლოს ხედვა ბოლო რამდენიმე წელია არის ის, რომ უვადო პატიმარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმედი და რეალური შანსი პატიმრობიდან გათავისუფლების. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრმა სახელმწიფომ შეცვალა კანონმდებლობა და გარკვეული წლების გასვლის შემდეგ (ეს ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 12 წელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი 15, 20 ან 25 წელი), უვადო პატიმრებს აქვთ უფლება მიმართონ, იგივე, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას და მოითხოვონ ციხიდან მათი გათავისფლების საკითხის განხილვის დაწყება. მე ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. უვადო პატიმრებმა რაღაც ეტაპზე ამ უფლებით პრაქტიკაში უნდა ისარგებლონ და ის არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე, თუმცა როგორც მე ვიცი, საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის კომპეტენციაში არ მოხვედრილა, რადგან არც ერთ პატიმარს, რომელიც უვადო სასჯელს იხდის, 25-წლიანი პატიმრობის ვადა არ გასვლია", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებას, ყოფილი მინისტრისა და ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, ქვეყნის პირველ პირს შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეუძლია უვადო პატიმრების შეწყალება.

"ზოგადად, პრეზიდენტს ეს უფლება შეზღუდული არ აქვს. კონსტიტუციის შესაბამის მუხლში არის ჩანაწერი, რომ პრეზიდენტის დისკრეციაა შეიწყალოს მსჯავრდებული, თუმცა იქ დაკონკრეტებული არ არის, რა ტიპის მსჯავრდებულს ეხება ეს: უვადო პატიმარს თუ მაგალითად იმას, ვისაც მარტო 2 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს უფლება აქვს კომისიის გვერდის ავლითაც შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ მოუნდა", - აღნიშნა ტუღუშმა.

შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.

"უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.