შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების წინააღმდეგია. როგორც თევდორაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ შეიძლება ,ჰუმანური აქტი ისეთი დანაშაულებისთვის გასამართლებულებს შეეხოთ, როგორიც მკვლელობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაა.
"ჩვენთან უვადო პატიმრობა ვრცელდება მკვლელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებაზე, რასაც მივიჩნევ, რომ იგივე მკვლელობაა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.
მისივე განმარტებით, შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინონ ჩადენილი დანაშაულის გამო დაზარალებული ოჯახების პოზიცია.
"პრეზიდენთან კონსულტაციას, უმჯობესია შეწყალების კომისიამ კონსულტაცია გაიაროს იმ დაზარალებულ ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს თავისი ახლობლები, თავიანთი ოჯახის წევრები. მე ზოდადად, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით, იყო ეს უვადო თუ ვადიანი პატიმრობა, უარყოფითი პოზიცია მქონდა ხოლმე, რადგან ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ დაზარალებულთა ოჯახების წევრები და ტირილით მეხვეწებოდნენ, რომ შეწყალება არ შეხებოდათ ასეთ ადამიანებს - დაზარალებულის პოზიცია არ იყო ჩემთვის უმნიშვნელო. არ ვიცი, რა ჩანაწერია ახალ საპროცესო კოდექსში, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჩემი მუშაობის დროს არსებობდა 25 წლიანი ვადა - მხოლოდ მისი გასვლის შემდეგაც შეიძლებოდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების საკითხის განხილვა. მე ამ ჩანაწერის მომხრე ვარ", - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ქორიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.
"უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.