თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს სჭირდება გულანთებული, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავენ.
განცხადება ალასანიამ დიასპორის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ალასანიას თქმით, დიასპორას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.
„დიასპორებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებაში. ქვეყნიდან წასული დიასპორის წარმომადგენლები საკუთარ ოჯახებს ძალიან ეხმარებიან და ესეც საქართველოს ფინანსური განვითარების და ეკოპნომიკის ნაწილია. ახლა მთავარია, მოვახერხოთ და მათი ჩართულობისთვის ყველა გზა გავხსნათ, რათა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ დიასპორის მხრიდან, სამშობლოს მიმართ ასეთი მიზიდულობა გაჩნდა, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება პატრიოტი, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვან“, - განაცხადა ალასანიამ.