პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ორი წევრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე და ცენტრის წევრი დავით სალია, განათლების მინისტრს ნეპოტიზმში და ცენზურაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
თამარ სანიკიძე პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, რა დროსაც ცენტრის წარმომადგენლები სკანდირებდნენ - "ნეპოტისტო, სანიკიძე, გადადექი. ცენზურის დედამთავარი ხარ, გადადექი".
როგორც "ინტერპრესნიუსთან" სუაბრისას დავით სალიამ აღნიშნა, მასწავლებლებს ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, რაც კი თამარ სანიკიძის მმართველობის პერიოდში კონკურსი ჩატარდა, არც ერთი მათგანი სამართლიანი არ ყოფილა.
აქციის ორ მონაწილეს თან აქვს ტრანსფარანტები წარწერით" "უხელფასობას - არა, ნეპოტიზმს - არა, ცენზურას - არა, სანიკიძე წადი".
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, სკოლებში არსებულ ინტერნეტქსელში ოპოზიციური აზრი და რამდენიმე სააგენტო დაბლოკილია. თამარ სანიკიძე აქციის ორ მონაწილეს არ შეხვედრია, თუმცა მან მოგვიანებით პარლამენტში თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებული საკითხი მისთვის გაუგებარია და ყველა კონკურსი კანონის შესაბამისობაში ჩატარდა. რაც შეეხება ცენზურას, მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში გარკვეული უხამსი საიტები ხელმიუწვდომელია.