შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე
გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.
"უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისი თქმით, უვადო მსჯავრდებულთა თემა არის დამღა, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას ადევს.
"ნურავის ექნება განცდა, რომ თუ 85 მსჯავრდებული დღეს უვადოდ იხდის სასჯელს ამით სრული საზოგადოებრივი სიმშვიდეა ქვეყანაში. ამ ადამიანებს სახელმწიფო ეუბნება განწირული ხარ სამუდამო უიმედობისთვისო, ძალიან გვინდა ამ თემაზე გაიმართოს დისკუსია, ოღონდ არა ისე, უი ეს რა ჩაიდინა მარგველაშვილმაო. ამ პროცესს უნდა მივუდგეთ არა ნიშნის მოგებით, თითქოს ეს ანგრევს საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეწყალებამ შეიძლება უფრო ჰუმანური გახადოს საზოგადოება. პატიმრებმა ნაწილობრივ მოიხადეს სასჯელი, პრეზიდენტმა კი, გადაწყვიტა მისცეს მათ შანსი, რათა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, არანაირი კავშირი არ არის, პრეზიდენტის შეწყალებებსა და კრიმინალური სიტუაციის გართულებას შორის", - აცხადებს ზვიად ქორიძე.