ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს დიასპორას უზარმაზარი ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალი აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს დიასპორას უზარმაზარი ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალი აქვს

ჩვენს დიასპორას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური თუ ფინანსური პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს დილით გაიხსნა.

პრემიერის განმარტებით, დადგა დრო, როცა ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი პოტენციალი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად უნდა მიმართონ. "დიასპორებთან დაკავშირებული ღონისძიებები ყოვლთვის მხოლოდ კულტურის სფეროსთან მიმართებაში განიხილებოდა, რაც ჩემი აზრით არასწორია, რადგან დიასპორას აქვს გაცილებით მეტი პოტენციალი, ვიდრე მხოლოდ კულტურის სფეროა. მოგეხსენებათ, თანამედროვე გლობალურ ცხოვრებაში დიასპორის როლი სულ უფრო იზრდება და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის პოტენციალი მაქსიმალურად ჩავრთოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩვენს დიასპორას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფინანსური, ამიტომ საჭიროა დადგეს დრო, როცა ჩვენი თანამემამულეები საკუთარ პოტენციალს მიმართავენ სწორედ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამ ფორუმის მიზანი სწორედ ისაა, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ მიეცეთ საშუალება, დაამყარონ უშუალო კონტაქტები როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალურ ჩართულობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც მიმართა და პირობა მისცა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ საქართველოში მეწარმეობის განვითარება შესძლონ.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია ამ პროცესში მათი ჩართლობა. თითოეული ჩვენი თანამემამულე არის ძალიან ძვირფასი ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათი აქტიური მონაწილეობა ქართული, დემოკრატიულ სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავრობა არის მზად რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა მათ განავითარონ მეწარმეობა საკუთარ სამშობლოში, მათ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი სწორად. ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას, რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად. ჩვენ ვცდილობთ ახლებურად მივუდგეთ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, მიდგომა, თუ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი დიასპორის მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი სახელმწიფოს მშნებელობაში, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს და გავითვალისწინოთ გლობალურ გარდაქმნათა ეპოქის ახალი გამოწვევები და რეალიები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამემამულეები თავიანთი პოტენციალით, რესურსით ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და მხარს დაუჭერენ საქართველოს წინსვლას და გაძლიერებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.