საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეას ესწრება

საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეას ესწრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეას ესწრება. ასამბლეის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, ქალ პარლამენტართა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განმარტებით, ქალი პარლამენტარების შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა და საარჩევნო პროცესში გენდერული კვოტების დაცვა იყო. „სწორედ ეს სულისკვეთებაა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიმართულება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია საქართველოში არასამთავრობო სექტორი და ვფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მთავარი დღის წესრიგი და ამოცანა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა მანანა კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის თქმით, სესიის ამოცანა ქალთა საკითხებზე რეზოლუციების მომზადებაა. „დღევანდელ სხდომაზე, გარდა ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხებისა, მთელი დილის სესია ქალი პარლამენტარების პოლიტიკაში მონაწილეობის და კვოტების საკითხს დაეთმო და ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა მისცა რეკომენდაცია რეზოლუციაში საქართველოს და გააკრიტიკა ქვეყანა, რომ ქალთა აქტივობა პოლიტიკაში ძალიან დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რეზოლუციის ტექსტი საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს, რომ ჩვენ ის ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ",- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. საპარლამენტო დელეგაციამ, ასევე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის განვითარების და მშვიდობისა და უსაფრთხოების სხდომებშიც მიიღო მონაწილეობა.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრები - თინათინ ხიდაშელი, დავით ბეჟუაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე შედიან. საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეა ჟენევაში 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.