თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია "დომინუსის" დირექტორის გელა გურულისთვის და მასთან ერთად დაკავებული გიორგი პირველაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს იხილავს.
პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით კი, მათ მიმართ სულ მცირე გირაო შეიძლება იყოს გამოყენებული.
"პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა და ითხოვს პატიმრობას. დაცვის მხარეს გააჩნია საკმაოდ მყარი არგუმენტები. შესაძლებელია გელა გურულის და გიორგი პირველაშვილის სულ მცირე გირაოს ქვეშ დარჩენა. იმედი მაქვს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მათ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს. წარდგენილი ბრალი არის აბსურდული", - აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია "დომინუსის" დირექტორი გელა გურული 9 ოქტომბერს დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, დაკავება თანხის მითვისებას უკავშირდება.
"გელა გურული დავაკავეთ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ის არის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით არის აყვანილი. ის აშენებდა სტადიონს ზესტაფონში და ამ სტადიონის მშენებლობის პროცესში თანხების მითვსებასთან დაკავშირებით არის დაკავებული. მოგეხსენებათ, ბრალდებულების დაკავების ორი შემთხვევაა: ერთი, როცა თვითონ ძალოვანი უწყება წყვეტს დაკავებას და მეორე, როდესაც გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისთვის და კითხვის ნიშნების მოხსნისთვის სასამართლოს მიმართავს, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა და მისი განჩინების საფუძველზე მოხდა დაკავება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.