"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები საბოლოოდ G20 სამიტში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობას დათანხმდნენ. სააგენტო "ფრანსპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა ჯო ჰოკიმ განაცხადა.
"გუშინ ვესაუბრე რუსეთის ფინანსთა მინისტრს. მან დამიდასტურა, რომ პუტინი ბრისბენში ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრება", - აღნიშნა ჰოკიმ. მისი აზრით, გადაწყვეტილება მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსენსუსით იქნა მიღწეული.
სექტემბრის დასაწყისში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალია სამიტში პუტინის მონაწილეობის დაბლოკვით დაიმუქრა. მოგვიანებით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა განაცხადა, რომ დიდი ოცეულის წარმომადგენლებს არ აქვთ ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, უნდა მიიღოს თუ არა პუტინმა მონაწილეობა ნოემბერში დაგეგმილ სამიტში.