სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს სასკოლო კონკურსის "წიგნის მეგობრები 2014" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდული ცენტრიდან" აცნობეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პროექტის ორგანიზატორებსა და კონკურსის მონაწილეებს შეხვდება და დალოცავს.
კონკურსი საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ინტელექტუალური კლუბი "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდა თაობაში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა და მათი ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 16 სკოლა მიიღებს. კონკურსის ეტაპები 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გამარჯვებული გუნდები კი 22 დეკემბერს გამოვლინდება.
"ახალგაზრდული ცენტრის" ინფორმაციით, პატრიარქთან ერთად კონკურსის პრეზენტაციას განათლებისა სამინიტროს, თბილისის საკრებულოს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც პროექტში საკუთარ ჩართულობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების დასასრულს ასევე მოხდება "წიგნის მეგობრების" Facebook თამაშის, "ზაფხული და წიგნის" გამარჯვებულების დაჯილდოვებაც.
"წიგნის მეგობრებისგან" გამარჯვებულებს Kindle-ები, ბეჭდური წიგნები და სხვადასხვა სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.