როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ფარავანჰესის" გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში, მსგავსი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა არ განხორციელებულა.
“ფარავნის ჰიდროელექტროსადგური არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის საქართველოს და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. თურქეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში და მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს არაერთი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ წარმატებით. ენერგოსექტორის განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. სადგურის მშენებლობისთვის ინვესტირებულია 200 მილიონ დოლარზე მეტი. ჩვენ კომპანია “ანადოლუ ჯგუფთან” კიდევ სამ პროექტზე გვაქვს მოლაპარაკება, რომლის მემორანდუმიც სავარაუდოდ, დღეს გაფორმდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი შემდგომი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს. მნიშვნელოვანია, რომ ენერგოსექტორი საქართველოში იყოს განვითარებული და დივერსიფიცირებული",- განაცხადა ღარიბაშვილმა
მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ენერგორესურსების ათვისება რაციონალურად მოხდეს.
"რადგან ძალიან კარგად ვიცით თუ როგორი ინტერესით უყურებს ჩვენი საზოგადოება ჰესების მშენებლობას”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა