"საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი არ უწყობს ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს.
კუბლაშვილი, რომელიც რომში ვენეციის კომისიის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებას ესწრება, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. კოტე კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები გათალისწინებული იქნება.
"სასამართლო ხელისუფლება წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან არსებულ ვენეციის კომისიასთან და ამ კომისიის არაერთი დასკვნა და რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული სასამართლო ხელისუფლების მიერ", - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რომში, ვენეციის კომისიის საიუბილეო მე-100 სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი წარადგინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ვენეციის კომისიამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი რეფორმის შემდეგი პრინციპები: უზენაესი სასამართლოს პლენუმი ვეღარ დაადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოდენობას, რომელიც განისაზღვრება კანონით; სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები აღარ იქნებიან უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრები; სასამართლოების თავმჯდომარეებს მოცემული სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ; სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ თავიანთი სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება, რომელიც მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე იქნება; საქმეების ავტომატური განაწილების პრინციპი; მოსამართლეთა მივლინებაში გაშვების ახალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული წესები, მათ შორის მოსამართლის თანხმობის ვალდებულება, წილისყრის პროცედურა და სხვ; დისციპლინური პროცედურის საჯაროობა; უზენაესი სასამართლოს წევრთა ოდენობის ზრდა და ამ სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება; უზენაესი სასამართლოს ვალდებულება, დაასაბუთოს დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილებები, რათა ასეთი გადაწყვეტილებები გასაგები იყოს კასატორისა და საზოგადოებისთვის; მოსამართლეობის ყველა კანდიდატის თანამდებობაზე გამწესება კონკურსის წესით და სხვ.