განვითარების ფინანსური კორპორაციის შექმნაზე საუბარს მთავრობაში ნაადრევად მიიჩნევენ

განვითარების ფინანსური კორპორაციის შექმნაზე საუბარს მთავრობაში ნაადრევად მიიჩნევენ

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი, შესაბამისი კვლევების დასრულებამდე, განვითარების ფინანსური კორპორაციის შექმნაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

როგორც ჩხენკელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობა ამ საკითხს ფრთხილად და დელიკატურად უდგება.

"საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქვს შეთანხმება, რომ თუ მსგავსი ინსტიტუტი შეიქმნება, ეს მოხდება მათთან მჭიდრო კონსულტაციებით, მსოფლიო ბანკის დახმარებით და შესაბამისი კვლევების საფუძველზე, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ცოტა ნაადრევია. მთავრობა ამ საკითხს უდგება ძალიან ფრთხილად და დელიკატურად. ჩვენი სურვილია, ყველაფერი იყოს სწორად, გამართულად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში", - განაცხადა რომან ჩხენკელმა.

მისივე განმარტებით, ამ პროცესის დასრულებამდე იმ ფუნქციებს, რაც განვითარების ფინანსურ კორპორაციას უნდა შეესრულებინა, საჭიროების შემთხვევაში, ნაწილობრივ "საპარტნიორო ფონდი" შეითავსებს.

განცხადება განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნაზე რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა. თავდაპირველად საუბარი საქართველოს განვითარების ბანკის დაარსებაზე იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განაცხადეს, ახალ საფინანსო ინსტიტუტს არა ბანკი, არამედ კორპორაცია ერქმეოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა მსჯელობა გადაიდო.