როგორც “პირველის პრესკლუბში” გია გურულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, არსებობს რამდენიმე ექსპერტიზის პასუხი, რომლის თანახმად, კომპანიას ყველა სამუშაო შესრულებული აქვს.
ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და კომპანია “დომინუსს” შორის არსებული დავა სამოქალაქო დავის ფორმატისაა, რის გამოც ის ფინანსური პოლიციის მიერ ბიზნესმენების დაკავებას არასწორს უწოდებს.
“როგორც იცით, 2014 წლის 9 ოქტომბერს გიორგი გურული და გია პირველაშვილი ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. ფინანსური პოლიცია ამ შემთხვევაში დაკავებულ პირებს ედავება უკანონო მითვისების ფაქტს. ფინანსური პოლიციის მხრიდან დაკავების ფაქტი მოხდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და ალბათ, ჩვენ ამაზე სასამართლოში გვექნება მსჯელობა, საუბარია, რომ მისი დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუმცა არ არის საკმარისი ის, რომ სასამართლო განჩინება ააფრიალონ და ეს გახდეს დაკავების საფუძველი, თუ არ მოხდა იმ უფლებების განმარტება, რაც ფაქტობრივი გარემოებების დაკავების შემთხვევაში უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში კი, გამოძიებამ ეს უფლება ხელყო. საქმე ეხება საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და “დომინუსს” შორის არსებულ დავას, რომელიც დღესაც გრძელდება. საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლის ირაკლი კოკაიას მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბიზნესმენებმა თანხები მიითვისეს, თუმცა არსებობს დასკვა, რომ სამუშაოები მათი მხრიდან შესრულებულია გადამეტებით და პრობლემა არ არსებობს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო დავა, რომელიც მიმდინარეობს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კონკრეტული მოცემულობა არის სამოქალაქო დავის ფორმატში განსახილველი საქმე, სადაც დასტურდება რომ “დომინუსს” შესრულებული აქვს სამუშაოები, მიუხედავად ამისა, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო გამოძიებამ და ორი ბიზნესმენი პასუხისგებაშია მიცემული”,-განაცხადა მოსიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, მსგავსი სახის დავა კოკაის სხვა კომპანიებთანაც ჰქონდა, სადაც დამტკიცდა, რომ მას დოკუმენტები გაყალბებული ჰქონდა, ამიტომ ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
“ასევე, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” და ილია კოკაიას მსგავსი დავები ჰქონდათ სხვა კომპანიებთანაც. თუმცა, შემდგომში დადგინდა, რომ დოკუმენტები იყო გაყალბებული. ამისთვის მას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია რამდენიმე კომპანიის წინაშე. ეს ადასტურებს იმას, რომ მსგავსი ტიპის თამაში კოკაიას მხრიდან არის ნაცნობი”,- განაცხადა მოსიაშვილმა.
ამასთან, როგორც გიორგი გურულის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, გურულმა “ზესტაფონის” წარმომადგენლები დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა, რის გამოც მათ ბიზნესმენის დევნა დაიწყეს.
“ბატონმა გურულმა კოკაია და კაპანაძე ამხილა იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რასაც ისინი სჩადიოდნენ წინა ხელისუფლების დროს და სწორედ ამის წყალობით გახდნენ საკმაოდ სოლიდური ქონების პატრონები. რეაგირება იყო ნულის ტოლფასი, თუმცა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო დავაში სასამართლომ გიორგი გურულის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყო რეპრესიები გიორგი გურულის და გია პირველაშვილის წინააღმდეგ. ამ დაკავებით ზუსტად ამ რეპრესიების არსებობა დასტურდება. ახლა სააპალაციო სასამართლოში მიდის დავა და თუკი მას გაამართლებენ, რა პასუხი უნდა გასცეს ფინანსურმა პოლიციამ მათ. არ შეიძლება სამოქალაქო სამართლებრივი სიბრტყიდან საქმე გადავიდეს სისხლის სამართლებრივ სიბრტყეში, როდესაც სუფთა წყლის სამოქალაქო დავასთან გვაქვს საქმე”,-განაცხადა ჩიქოვანმა.
ფინანსურმა პოლიციამ გიორგი გურული და გია პირველიშვილი 9 ოქტომბერს დააკავა.