საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი დღეს დილით კახეთში გაემგზავრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატები თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრებიან. კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში დღეს საღამოს გაიმართება. მანამდე კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მეღვინეობა "ხარებას" ეწვევიან, სადაც მათ ინფორმაციას მიაწვდიან რთველის მიმდინარეობის შესახებ, დიპლომატები გაეცნობიან რთველთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებსაც.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა ერთგვარი ტრადიცია დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის ახალი ფორმის, ეს გახლავთ კულტურულ- შემეცნებითი ტურები საქართველოში. ტრადიციულად, ყოველ შემოდგომას დიპლომატები მიგვყავს კახეთში, გაზაფხულზე კი უკვე არარეზიდენტი ელჩების მონაწილეობით მათ ვაცნობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ეს უკვე მესამე ტურია ჩვენი ორგანიზებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსი მიესალმება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მსგავსი ტურების მოწყობასთან დაკავშირებით.
"სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ვესწრებით თელავის ცნობილ საერთაშორისო ფესტივალს. ასევე გვეძლევა საშუალება გავეცნოთ ამ პერიოდთან დაკავშირებულ მოსავლის აღების ტრადიციებს", - განაცხადა ელჩმა.
დიპლომატიური კორპუსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით რთველის მიმდინარეობის პერიოდში კახეთის რეგიონს უკვე მეორე წელია სტუმრობს.