სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას მოჰყვა.

სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა" - მოაწყეს.

აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს.

"გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას და ამით ჯვარი დაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა.

გუშინ მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომხეთი "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანდა.