მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ჩამონათვალი მივიღეთ სპეციალისტებისგან და შსს-ს

მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ჩამონათვალი მივიღეთ სპეციალისტებისგან და შსს-ს "ოტოს" განყოფილებისგან

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორი შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ორი წლის ვადით შენახვის ინიციატივა სამართალდამცავ ორგანოებს ეკუთვნით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შავგულიძემ განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა და ამ პერიოდში საკანონმდებლო პაკეტზე მომუშავე ჯგუფს შეხვედრები ჰქონდა თითქმის ყველა მობილურ თუ ინტერნეტ პროვაიდერთან, მათ შორის იყო: "მაგთი", "ჯეოსელი", "კავკასუს ონლაინი", "ბილაინი" და ასე შემდეგ.

შავგულიძე მზად არის აღნიშნულ თემაზე კომპანიებთან მუშაობა გააგრძელოს და ამ მიმართულებით მიღებული კანონის გადახედვას არ გამორიცხავს.

"კომუნიკაციების კომპანიებისგან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ, რაც საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში დაგვეხმარა. რაც შეეხება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის საკითხს, აქ იგულისხმება არა კომუნიკაციის შინაარსის ამსახველი მონაცემები, ანუ ვინ ვის რას ელაპარაკა, არამედ მონაცემები, თუ ვინ ვის დაუკავშირდა, დროის რა მონაკვეთში და ასე შემდეგ. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ მონაცემებს მსხვილი კომპანიები დღემდე ინახავენ, იმის მიუხედავად, რომ მათ კანონით ეს ვალდებულება არ ჰქონდათ და ინახავდნენ არა თუ ორი წლით, არამედ გაცილებით მეტი წლის ვადით. მათსა და სამართალდამცავ სისტემას შორის არსებობდა ერთგვარი ზეპირი შეთანხმება, რადგან ეს მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი საქმიანობისთვის ძალიან სჭირდებათ. უფრო მეტიც, როცა მათ დავუსვით კითხვა, თუ რატომ ინახავდნენ აღნიშნულ მონაცემებს, როცა ამას დღემდე კანონი არ ავალდებულებდა, პასუხად ვიღებდით, რომ მონაცემებს იმის გამო ინახავდნენ, რომ კლიენეტებს შესაძლოა სადავო საკითხები გასჩენოდათ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ჩამონათვალი, რაც კანონში ჩაიდო, მივიღეთ სწორედ სპეციალისტებისგან და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს "ოტოს" განყოფილებისგან, რომელიც ფარულ მოქმედებებს და ფარულ მოსმენებს ახორციელებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს შავგულიძემ.

სატელეკომუნიკაციო კომპანიები შენიშვნებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილის მიმართ გამოთქვამენ, რომლის თანახმად, ელექტრონულ საკომუნიკაციო კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში მოაზრებული მონაცემების ორი წლის ვადით შენახვის ვალდებულება განესაზღვრათ. პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში იგულისხმება: მობილურ და ფიქსირებულ ქსელში განურჩევლად ყველა მომხმარებლის - ზარის განმახორციელებელი და ზარის მიმღები პირების ტელეფონის ნომერი, ვინაობა, მისამართი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ინტერნეტსივრცეში მათი ყოველგვარი გადაადგილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, კომუნიკაციისას გამოყენებული მოწყობილობა, დრო და ხანგრძლივობა. ამასთან, განისაზღვრა ქსელში განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის რეალური დროის რეჟიმში უფლებამოსილი უწყებებისათვის მიწოდების ვალდებულება.

"სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ამ სფეროში მოქმედი არც ერთი კომპანია ჩართული არ იყო, უფრო მეტიც, ეს ცვლილება ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ. ჩვენი შეხედულებით, აღნიშნული მონაცემების შენახვა კერძო კომპანიის სერვერებსა და ინფორმაციის საცავებზე არ არის მიზანშეწონილი", - აცხადებენ "მაგთიკომში".

განცხადებას "სილქნეტიც" ავრცელებს, რომლის შეფასებით, კანონით განისაზღვრა საკმაოდ შემჭიდროებული ვადები, რომლის ფარგლებშიც ცვლილებებისთვის აუცილებელი ტექნიკური გადაიარაღების სრულყოფილად შესრულება შეუძლებელია. მათივე თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე გართულდება იმ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რასაც ცვლილებები მოითხოვს.