ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების მიერ პერსონალურ მონაცემთა ორი წლის ვადით შენახვის ვალდებულება კანონში მთავრობის მოთხოვნით და ინიციატივით ჩაიდო, - ასე პასუხობს ფარულ მოსმენებთან დაკაშირებით მიღებული კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორი, დეპუტატი თამარ კორძაია იმ უკმაყოფილებას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადებთან დაკავშირებით კომპანია "მაგთიკომმა" გამოხატა.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საუბარი იმის თაობაზე, რომ კომპანიები კანონის მიღების შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ, ტყუილია.
"უბრალოდ სირცხვილია იმის თქმა, რომ კანონის მიღებამდე მათთან კომუნიკაცია არ არსებობდა. შალვა შავგულიძე ყველა ოპარატორს შეხვდა, საკითხი ყველასთან გაიარა, მას ყველასთან ჰქონდა კომუნიკაცია და იყვნენ ინფორმირებულნი. საქართველოს პარლამენტში ამ კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალაც ინახება. მინიმუმ უხერხულია მათი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების კეთება. რაც შეეხება ორი წლის განმავლობაში სატელეფონო საუბრების და სხვა მონაცემების შენახვის საკითხს, განხილვისას პარლამენტის წევრები იყვნენ იმის მომხრე, ლუქსემბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაგვეთვალისწინებინა და მონაცემთა შენახვის ვადა შეგვემცირებინა, მაგრამ მთავრობის დამაჯერებელი და დაბეჯითებითი თხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო მონაცემების შენახვისთვის ორწლიანი ვადის განსაზღვრა. ვფიქრობ, თუ კომუნიკაციის კომპანიებს აქვთ სურვილი კანონის ეს ნაწილი გადაიხედოს, აღნიშნულ თემებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი კვლავ მუშაობს და დაუკავშირდნენ მას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამარ კორძაიამ.
სატელეკომუნიკაციო კომპანიები შენიშვნებს გამოთქვამენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილის მიმართ, რომლის თანახმად, ელექტრონულ საკომუნიკაციო კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში მოაზრებული მონაცემების ორი წლის ვადით შენახვის ვალდებულება განესაზღვრათ. პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში იგულისხმება: მობილურ და ფიქსირებულ ქსელში განურჩევლად ყველა მომხმარებლის - ზარის განმახორციელებელი და ზარის მიმღები პირების ტელეფონის ნომერი, ვინაობა, მისამართი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ინტერნეტსივრცეში მათი ყოველგვარი გადაადგილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, კომუნიკაციისას გამოყენებული მოწყობილობა, დრო და ხანგრძლივობა. ამასთან, განისაზღვრა ქსელში განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის რეალური დროის რეჟიმში უფლებამოსილი უწყებებისათვის მიწოდების ვალდებულება.
"სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ამ სფეროში მოქმედი არც ერთი კომპანია ჩართული არ იყო, უფრო მეტიც, ეს ცვლილება ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ. ჩვენი შეხედულებით, აღნიშნული მონაცემების შენახვა კერძო კომპანიის სერვერებსა და ინფორმაციის საცავებზე არ არის მიზანშეწონილი", - აცხადებენ "მაგთიკომში".
განცხადებას "სილქნეტიც" ავრცელებს, რომლის შეფასებით, კანონით განისაზღვრა საკმაოდ შემჭიდროებული ვადები, რომლის ფარგლებშიც ცვლილებებისთვის აუცილებელი ტექნიკური გადაიარაღების სრულყოფილად შესრულება შეუძლებელია. მათივე თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე გართულდება იმ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რასაც ცვლილებები მოითხოვს.